მე ვარ ელენე კილაძე, ქ.რუსთავის 23-ე საჯარო სკოლის VIIბ კლასის მოსწავლე.
სოფელი ატოცი ჩემი დედულეთია. მინდა ზუსტად მასზე მოგითხროთ, ჩემი გულისტკივილი და სიამაყე გადმოგცეთ.
გადმოცემით ვიცი, რომ თავად მეფე ერეკლეს ფეხდაფეხ ჰქონია მოვლილი ქართლის ეს უძველესი და ულამაზესი სოფელი.
ატოცი მდებარეობს ქარელის რაიონში, ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთით და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. იგი გაშენებულია მტკვრის დონიდან 300 მ-ის სიმაღლეზე. ერთ-ერთი ვერსიით სახელი „ატოცი“ წარმოიშვა სწორედ მისი მდებარეობის მიხედვით. მეორე ვერსია კი ასეთია: თურმე, ერთ-ერთ მეფეს (არ არის ცნობა მის შესახებ), რომელიც თავისი სიმკაცრით გამოირჩეოდა, სიკვდილით დასჯა ჰყვარებია.ერხელკი დაუსჯიათ ერთად ძალიან ბევრი. 19 კაცისთვის მოუკვეთიათ თავი და მეოცე რომ მიუყვანიათ კიდევ სიკვდილმისჯილი, გამწარებულა და წამოუძახია ატ-ოც.
სოფელს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ორი პატარა მდინარე ჩამოუდის. ეს მდინარეები ფრონის სახელს ატარებს. ვინც პირველად ესტუმრება ამ სოფელს, იტყვის სადაა ატაცებული, ამ სიმაღლეზე რამ ამოიყვანა ეს ხალხიო, მაგრამ გაუკვირდება მხოლოდ მას, ვინც ჩვენი ისტორია არ იცის.
ატოცს მრავალჯერ განუცდია მტერთაგან თავდასხმა.1759 წელს ატოცს ლეკთა დიდი არმია შემოსევია. მეფე თეიმურაზმა და ერეკლემ ჯარი შეჰყარეს და მტერს მიაშურეს. დასახმარებლად მოიხმეს აგრეთვე სოლომონ მეფეც. ვინ გაუმკლავდებოდა ომში გამოწრთობილ სამ ლომს. ლეკებმა თავს გაქცევით უშველეს.
ლეკების გარდა არ დაჰკლებია ატოცს თავდასხმა ოსმალოთა, არაბთა, სპარსთა და კიდევ ვინ მოსთვლის. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქართველ ხალხს დასახლება უხდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც მტერი ვერ მიაგნებდა.
ატოცის ციხე, რომელიც დღესაც ფეხზე დგას, ძალიან ძნელი ასაღები ყოფილა მტრისათვის და ამიტომ იქ თავშეფარებული ხალხიც უვნებელი რჩებოდა.
ატოცში არის მრავალი ისტორიული ძეგლი: წმინდა გიორგის სახელობის, მთავარანგელოზის (აგებულია ორტონიანი თლილი ქვებისაგან X საუკუნეში), წმინდა მარინეს ეკლესია და ქვაბის ქალა, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ატოცი V-VII სს-ში უკვე არსებობდა.
1951 წელს, სავენახე ნაკვეთი მოუხნავთ(6000 კვ.მ), სადაც გუთანს შუა საუკუნეების დროის საბრძოლო იარაღები: ხმლები, ხანჯლები, მშვილდები, ადამიანის თავის ქალები და დაჭრილი ძვლები ამოუღიათ.
სოფელში დგას მუხა, რომელიც 1200 წელს ითვლის. როგორც უფროსები ამბობენ, ხეს ზრდა შეუწყვეტია 200-300 წელია და ხმობის სტადიაშია. მუხის ქვეშ დგას სწორედ წმინდა მარინეს ეკლესია.
იმ ადგილს, რომელსაც ახლა საჯვარეს ვეძახით, XVI ს-ში, გლეხ ებს შოთაძეებს ერთ-ერთ სოფელში ბატონი მოუკლავთ, გამოქცეულან და ატოცისათვის შეუფარებიათ თავი. თან ჰქონიათ გამოტაცებული წმ. გიორგის სახ. ოქროს ჯვარი, დაუსვენებიათ იქვე, დიდი ხის ძირში და ბატონისათვის უთხოვიათ ნება, რომ დასახლებულიყვნენ სოფლის შემოსასვლელშივე და თან ეკლესიაც აეშენებინათ. ბატონს ნება მიუცია. ეს ხალხი ამ დღიდან გვარად დიდებულიძეები გამხდარან. ის ხე 1946 წელს წაქცეულა, იმ დროს ეკლესიის აშენებაც ვერ მოხერხდა, მაგრამ სახელი საჯვარე დარჩა. ეკლესია აშენდა მხოლოდ ერეკლე მეორის მეფობის დროს. ოქროს ჯვარი ჯერ იმ ეკლესიაში დაუსვენებიათ, შემდეგ კი წაუღიათ საქართველოს სიძველეთა დაცვის მუზეუმში.
ატოცში დგას ორსართულიანი, ძველისძველი, მაგრამ ჩვენი სიამაყე სოფლის საშუალო სკოლა, სადაც სამი სოფლის ბავშვი სწავლობს. მას ბევრი სახელოვანი ადამიანი ჰყავს გამოზრდილი. ახლა კი ძალიან გული მტკივა სკოლა დანგრევის პირასაა, ახალი კი არსად ჩანს.

პირადად ჩემმა სოფელმა, როგორც ბევრმა სხვამ,აგვისტოს ქარ-ცეცხლსაც მედგრად გაუძლო. ხალხმა სოფელი არ მიატოვა, ისევ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. ისევ დგას დიდ აღმართზე ჩვენი ატოცი, გადაჰყურებს საქართველოს და თითქოს ამბობს: აჰა, ვდგავარ, ვერ წამაქციეს, ვერც შიში ჩამინერგეს.
დგას და ელის სოფლიდან წასულ თუ წამოსულ ხალხს, სტუმარს სტუმრობს და მტერს მტრულად ხვდება, თუმცა კი გული მწყდება, რომ ახლა მას პოლიცია იცავს.
აი, ასეთია ჩემი ლამაზი და შეუვალი სოფელი ატოცი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით.